2011-05-10

აზერბაიჯანის დღე აღინიშნა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადების 88 და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ქალაქ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის განათლების  კულტურისა და სპორტის
მინისტრი გია აბულაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის დღე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ გახსნა

_ ჩვენ ვართ ორი მოძმე ქვეყანა, ორი მოძმე ერი, ხალხი, რომლებიც ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მრავალმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება, - აღნიშნა ალიოშა ბაკურიძემ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ჰუსეინ ნაჯაფოვმა საზეიმო მიღებაზე მოხსენება  `აზერბაიჯანი: ისტორია და თანამედროვეობა~ წაიკითხა. დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე და მის ტურისტულ პოტენციალზე, იმ მიღწევებზე, რომლებსაც აზერბაიჯანმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე. 
_ მსგავსი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები შემოგვიერთდნენ და ერთად აღვნიშნავთ ჰეიდარ ალიევის 88 წლის იუბილეს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ჰუსეინ ნაჯაფოვმა.
აზერბაიჯანის დღის ფარგლებში გაიხსნა ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე შედგა დოკუმენტური ფილმის `როცა ვსაუბრობთ აზერბაიჯანზე~ ჩვენება, რომელშიც ასახული იყო აზერბაიჯანის ისტორია, მისი პრეზიდენტისა და პირველი ლედის მოღვაწეობა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ,,ჰეიდარ ალიევის წიგნადი ფონდი" დააარსა.

 

 

Search in archive