12 დეკემბერი – აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღე
აზერბაიჯანელი ხალხი დიდი პატივისცემით იხსენებს ეროვნულ ლიდერს ჰეიდარ ალიევს – გამორჩეულ პიროვნებას, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაში.
სწორედ ჰეიდარ ალიევმა თავისი შორსმჭვრეტელი სტრატეგიული აზროვნებითა და პოლიტიკური წინდახედულებით საფუძველი ჩაუყარა დიდ გამარჯვებას, რომელმაც თითქმის ოცდაათწლიანი აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია დაასრულა.
ეროვნულმა ლიდერმა ბევრი რამ გააკეთა აზერბაიჯანისთვის როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მართვის სათავეში, ხალხის მოთხოვნით, ისტორიის ყველაზე ურთულეს პერიოდში ჩადგომით, ჰეიდარ ალიევმა მოახერხა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილება და უზარმაზარი ძალისხმევა ჩადო მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.
ეს იყო რთული პერიოდი აზერბაიჯანისთვის – როგორც სომხეთის აგრესია, ასევე ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი და არასწორი მმართველობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებდა.
ხსნა და ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი ბრძენმა აზერბაიჯანელმა ხალხმა თავის ერთგულ შვილში – ჰეიდარ ალიევში დაინახა და მოუწოდა მას ქვეყნის სათავეში ჩადგომისკენ. მაშინდელმა ხელმძღვანელობამაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილმა, ჰეიდარ ალიევს მიმართა. უდიდესი ლიდერი, რომლის გულშიც სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული ღვიოდა, დაბრუნდა ბაქოში და საკუთარ თავზე აიღო ისტორიული მისია – აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დაკარგვის საშინელი საფრთხისგან გამოხსნის ისტორიული მისია..
ხალხის გრძელვადიან ინტერესებზე ზრუნვით, ეროვნულმა ლიდერმა მოსახლეობას მომავლის რწმენა დაუბრუნა და მყარი საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მის მაღალ ავტორიტეტს მსოფლიო ასპარეზზე. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში გატარებული ფართო რეფორმების წყალობით. აზერბაიჯანში აღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, შეჩერდა არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების აღვირახსნილი საქმიანობა, ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები და ჩატარდა კონსტიტუციური რეფერენდუმი.
ქვეყანამ მიაღწია ცეცხლის შეწყვეტას, დაიწყო მოლაპარაკებები ყარაბაღის საკითხის მოგვარებაზე. ამავდროულად, საფუძვლები ჩაეყარა სახელმწიფოებრიობას, ჩამოყალიბდა და გაძლიერდა რეგულარული არმია. აზერბაიჯანმა დაამყარა საერთაშორისო კავშირები და დაიწყო ინტეგრაცია გლობალურ საზოგადოებაში. მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებთან დაიდო ისტორიული „საუკუნის კონტრაქტი“, რომელმაც უზრუნველყო ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების შემოდინება და ეკონომიკის აღორძინება. ჰეიდარ ალიევმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ტრანსნაციონალური პროექტის ინიცირებით, აზერბაიჯანის მნიშვნელოვან საერთაშორისო ენერგეტიკულ ჰაბად ქცევას ჩაუყარა საფუძველი.
ჰეიდარ ალიევის წყალობით რესპუბლიკაში დამკვიდრდა სტაბილურობა, უსაფრთხოება და კონსტიტუციური წესრიგი. სახელმწიფოებრიობა გაძლიერდა, საზოგადოებრივი სიმშვიდე დამყარდა, აშენდა ძლიერი არმია და დაიწყო ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი.
სწორედ დიდი ლიდერის ბრძნულმა და შორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ, რამდენიმე წლის შემდეგ, აზერბაიჯანს გაუხსნა გზა სამამულო ომში ისტორიული გამარჯვების, სომხური ოკუპაციისგან მშობლიური მიწების განთავისუფლებისა და ისტორიულ-პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენისკენ.
ჰეიდარ ალიევი ამბობდა: – „ჩვენ დავიცავთ ჩვენი მიწის თითოეულ გოჯს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მისი ბატონ-პატრონები ვიყოთ. თუ ამ პირობების ფარგლებში სასურველს ვერ მივაღწევთ, ნებისმიერ ფასად, სიცოცხლის, სისხლისა და ძალის ფასად, გავათავისუფლებთ ჩვენს ოკუპირებულ მიწებს და უზრუნველვყოფთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამაში ყველა უნდა იყოს დარწმუნებული.“
ძლევამოსილმა აზერბაიჯანულმა არმიამ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, დიდი ლიდერის ოცნება რეალობად აქცია და გაათავისუფლა აზერბაიჯანის ძირძველი მიწები. ყარაბაღის გულის ქალაქ შუშას განთავისუფლების შესახებ გამოცხადებისას, ილჰამ ალიევმა თქვა: – „ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან შევასრულე მამის ანდერძი. ჩვენ გავათავისუფლეთ შუშა! ეს დიდი გამარჯვებაა! დღეს ჩვენი მოწამეთა და დიდი ლიდერის სულები ხარობენ!“
შემთხვევით არ არის, რომ „ხარიბულბულის“ მუსიკალური ფესტივალის ლაიტმოტივად შუშაში დიდი ხნის შემდეგ სწორედ ჰეიდარ ალიევის ხმა და მისი სიტყვები გაჟღერდა: – „მინდა, რომ ერთად წავიდეთ შუშაში. წავალთ, დამიჯერეთ, წავალთ. შუშა აზერბაიჯანის გულია, თითოეული აზერბაიჯანელის სიამაყის წყარო. შუშა ჩვენი კულტურისა და ისტორიის სიმბოლოა. ჩვენთვის ძვირფასია შუშა და ლაჩინის მთებიც. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ლაჩინის გარეშე. ვერ ვიცხოვრებთ ულამაზესი აღდამის, ფიზულის, ჯებრაილის, ზანგილანის, გუბადლის, კალბაჯარის და ისტისუს გარეშე.“
აზერბაიჯანის დიდი გამარჯვება არის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ანდერძის აღსრულება. ის იყო უდიდესი პიროვნება, რომელიც სამუდამოდ დარჩება აზერბაიჯანელი ხალხის ხსოვნაში, როგორც ერის მხსნელი, რომელმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს და ხალხის მსახურების ისტორიულ მისიას მიუძღვნა.