2016-03-07

მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში. 

მინისტრებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო კონტაქტებს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე. ამ კონტექსტში, მინისტრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა. 

აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს კოორდინირებულ მოქმედებას სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის.

მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ მართალია, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, მაგრამ ამასთან არსებობს კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი. 

განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისათვის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ქვეყნების ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. 
 
 მხარეები მიესალმნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "სოკარს" შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდებასთან დაკავშირებით. 

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა. 

Search in archive