2016-04-07

მემორანდუმი აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან

დღეს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში რაშად ისმაილოვა,  აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში,  ნარგიზ აბდულაევა და პროფესორი ფაილა ისმაილოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ  ხალვაშს, რექტორის მოადგილეს ინგა შამილიშვილს და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანს, გიზო ფარცხალაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე  მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ  უნივერსიტეტს შორის, მშენებლობისა და არქიტექტურის დარგში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებასა და გამოცდილების გაზიარებას. სტუმრებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ასევე, მოინახულეს და გაეცნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.


Search in archive