news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 01 fevral 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. რეგიონის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრა გამართეს ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან.

უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ვასიფ თალიბოვმა ზურაბ პატარაძეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ვასიფ თალიბოვის თქმით, აზერბაიჯანი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა წარმატებულია.

ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ დადებით შედეგებზე, რასაც აბრეშუმის გზის პროექტი ორივე ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბაქო-თბილის-ყარსის მშენებარე გზის დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

,,ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ჩვენ გავიარეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. შეხვედრები გავმართეთ მთავრობის თამჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან. ვიმყოფებოდით ეკონომიკის და სოფლის მეურენობის სამინისტროებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მოვილაპარაკეთ, კონკრეტულად მაღალმთიან აჭარაში, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ბათუმში იგეგმება ბიზნეს ფორუმის გამართვა. ჩამოვლენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობ ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ნახიჩევანში ვიზიტის დროს.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები ნახიჩევანის და აჭარის გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებში. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს. განხილულ იქნა ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი, წამყვანი ტურ-ოპერატორების რეგიონში სტუმრობა და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარიდან ციტრუსის ექსპორტირების შესახებ.

უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, რაშად ისმაილოვი. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანის ცენტრალურ და ადგილობრივ მედია საშუალებებში.

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა