აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 94-ე წლისთავი აღინიშნა
აზერბაიჯანმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე წელს 94-ედ იზეიმა. 28 მაისს სასტუმრო ,,შერატონში'' აზერბაიჯანის გენერალურმა საკონსულომ ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები დაესწრნენ
დარბაზში ორი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა. აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა გუსეინ ნაჯაფოვმა სტუმრებს თავისი ქვეყნის ისტორია და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განვლილი გზა გააცნო.
- დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელი ხალხისთვის, რადგანაც სწორედ 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლიდან კი ამ დღეს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღედ აღვნიშნავთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს ბათუმში, ჩვენ მეგობარ მოძმე ერთან ერთად ვზეიმობთ. ეს მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. სწორედ თქვენს ქალაქში, 1918 წლის 4 ივნისს, ხელი მოეწერა მშვიდობისა და მეგობრობის შეთანხმებას და ბათუმში გაიხსნა აზერბაიჯანის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა. წლების წინათ დაწყებული მეგობრობა დღესაც წარმატებით გრძელდება. საქართველოსთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა სფეროში. ვიმედოვნებთ, ეს მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, - თქვა გუსეინ ნაჯაფოვმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა, რომელიც ათეულობით წლებს ითვლის, სამაგალითოა სხვებისთვის.
- მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მოძმე აზერბაიჯანელ ერს. ამ თარიღს მათთან ერთად უკვე მეორედ აღვნიშნავთ ბათუმში. პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ქალაქში ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ფუნქციონირებდა, რომელიც წლების შემდეგ ისევ დაგვიბრუნდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მართლაც სამაგალითოა, რომელსაც ამიერიდან უკვე რეგიონალურ ჭრილში განვიხილავთ. აჭარასა და ნახიჩევანს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში გაგრძელდება. ყველას ვულოცავ ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ, - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
საზეიმო საღამოს ალამაზებდა სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკის ჰანგები. გუსეინ ნაჯაფოვმა სტუმრები ბოლოს ფურშეტზე მიიპატიჟა.