რ. ისმაილოვი შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვს უმასპინძლა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ სტუმარს პირველ რიგში საპატიო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გაცნობითი ხასიათის ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. კულტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ბიზნესი, ინვესტიციები, - ეს იმ მიმართულებათა მხოლოდ ნაწილია, რომელთა განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ მხრივ დაწყებული ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება.
ავთანდილ ბერიძემ ახლად დანიშნულ კონსულს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა და პატივისცემის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
გულითადი მიღებისა და მასპინძლობისთვის რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უერთგულებს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებია აკავშირებს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს, ორ მეგობარ, მეზობელ ქვეყანას და მათ ცალკეულ რეგიონებს.